საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიუსელს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი ევროკომისრებს - სესილია მალმსტრომსა და შტეფან ფულეს, ევროკავშირის იუსტიციის საქმეთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდება. იუსტიციის მინისტრი სიტყვით წარდგება ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე, სადაც საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი საქართველოს სამართლის სფეროში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილებს.
თეა წულუკიანი ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებსაც შეხვდება და კვლევით ორგანიზაციაში - „Center for European Policy Studies" - საჯარო გამოსვლას გამართავს. სხვა საკითხებთან ერთად, მინისტრი შეხვედრებზე იმ რეფორმების შესახებაც ისაუბრებს, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო უძღვება.
თეა წულუკიანის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში 20 სექტემბერს დასრულდება.