"ევროპის ყველა ერმა უნდა ირწმუნოს, რომ მათთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მისაღებად მზად ვართ,"- ამის შესახებ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
უსუფაშვილის თქმით, "საქართველოს ევროინტეგრაციის ყველაზე რთული გზაა გავუმკლავდეთ საშინაო დავალებებს და ქვეყანამ ევროკავშირთან აღებული ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს".
"ეუთოს საპარრლამენტო ასამბლეის მისია ცხადია, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით იმყოფება საქართველოში. დღეს კოლეგებს კიდევ ერთხელ მოვახსენე მადლობა შარშან მისიის მიერ გაწეული ძალიან ნაყოფიერი მუშაობისთვის და მადლიერება გამოვხატე, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებისთანავე, ეუთო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და მზადყოფნა გამოთქვა არჩევნების პროცესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საქმიან შეხვედრებს გამართავენ. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებთანაც. ეუთო-ს წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს სავარაუდოდ დღეს 18:30 საათზე შეხვდებიან.