ვიცე-პრემიერის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, რუსეთის დედაქალაქს მალე მინისტრთა კაბინეტის მეორე წევრიც ეწვევა. როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ, აჭარის ტელევიზიის ეთერში, გადაცემა „სამართალი ხალხისთვის" აჭარიდან ციტრუსის ექსპორტზე საუბრისას განაცხადა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსკოვში უკვე იმყოფებოდა და რუსეთის დედაქალაქში მალე სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფიაც ჩავა.
კვირიკაშვილის მოსკოში ჩასვლის შესახებ, ინფორმაცია არც საქართვლოს მთავრობას, არც თავად ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურს და არც თავად მინისტრს არ გაუხმაურებიათ. მოსკოვში გამართული შეხვედრების მიზნებისა და შედეგების შესახებ არ არსებობს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია.
შესაძლოა, საქართველოს მთავრობამ, ვიცე-პრემიერის მოსკოვური ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ან უარყოს. ან დაადასტუროს, თუმცა კვირიკაშვილის მოსკოვის ვიზიტი დროში ემთხვევა საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევრაზიული კავშირის შესახებ.
ვიზიტთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ეჭვს ბადებს ის გარემოებაც, რომ ვიცე-პრემიერის რუსეთში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია, არც ოფიციალურ მოსკოვს არ გაუხმაურებია.
კვირიკაშვილი ქვეყნის ვიცე-პრემიერია, შესაბამისად იგი მოსკოვში კერძო ვიზიტით, პირადი საქმების მოსაგვარებლად არ ჩავიდოდა. მით უფრო , რომ ბოლო სამი წლის მონაცემებით, ეკონომიკის მინისტრი არც ერთხელ არ ყოფილა რუსეთი დედაქალაქში.
აჭარის ავტონომის მთავრობის თავმჯდომარემ მეტ-ნაკლებად განმარტა, რომ კვირიკაშვილის მოსკოვური ვიზიტი „ეკონომიკურ დატვირთვას" ატარებდა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ წარმოთქვა პრემიერ-მინისტრმა ევრაზიულ კავშირში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებული ცნობილი ფრაზა.
„ყაზბეგის" გამშვები პუნქტი გაიხსნა, გზები კეთდება და გვინდა, რომ ზამთრისთვის მზად იყოს. ბატონი გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე კვირის წინ რუსეთში იმყოფებოდა. შესაბამის სამსახურებთან მოხდა შეთანხმება და თუ არ ვცდები 10 მანქანის გატანის პრობლემა არ გვაქვს. გაადვილებული რეჟიმი იქნება სატვირთო ავტომობილების გატარების. ეს ერთი ნაწილია. მალე შალვა ფიფია უკრაინაში იქნება და მერე იქედან რუსეთშიც ექნება ვიზიტი, რათა დავალაგოთ ციტრუსის გატანის საკითხები. თუმცა მარტო ციტრუსზე არაა საუბარი. მალე რთველი მოდის და ამაზე მიდის მზადება, მერე ციტრუსის სეზონი დაიწყება", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურში, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ „აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ".