საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოში C-ჰეპატიტის გავრცელება იმ ფაზაშია, რომ თუ საკითხის დროულად მიხედვა არ მოდება, შესაძლოა, 1 - 2 წელიწადში აღნიშნული დაავადება ეროვნულ უბედურებად იქცეს.
როგორც სუბარმა დღეს მთავრობის იმ ინიციატივის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, 2 000-მდე პატიმარს C-ჰეპატიტზე მკურნალობას სახელმწიფო დაუფინანსებს, მსგავსი პროგრამები მომავალში დაავადების მასშტაბების მკვეთრად ზრდის შესამცირებლად აუცილებელია.
"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ტენდერის გამოცხადების შესახებ აბსოლუტურად ყველა პატიმარზე, და რა ფასიც პატიმრებისთვის დაფიქსირდება, ანუ ლაპარაკია 2 000 პატიმრის მკურნალობაზე, კომპანიები, რომლებიც ტენდერში მონაწილეობენ, ვალდებულებას იღებენ, რომ იგივე ფასად აღნიშნული მედიკამენტები ბაზარზე 10 000 მოქალაქეზე გაიტანონ. დაახლოებით 10 - 15 წელია საქართველოში C-ჰეპატიტი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ახლა იმ ფაზაში გადავდივართ, როდესაც დაახლოებით 1 - 2 წელიწადში ეს მასობრივ, ეროვნულ უბედურებად იქცევა დროზე თუ არ მივხედეთ,"- განაცხად სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2 000-მდე პატიმარს C-ჰეპატიტის მკურნალობას სახელმწიფო დაუფინანსებს.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნული პროგრამა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს მიერ ერთობლივად შემუშავებული გეგმის თანახმად ხორციელდება.
"C-ჰეპატიტზე მთლიანად დასრულდა წინა მოსამზადებელი კონცეპტუალური და მოლაპარაკებითი პერიოდი და ახლა მიმდინარეობს განხორციელებითი ეტაპი. ანუ, პროექტს ახორციელებს სასჯელაღსრულების სამინისტრო, ჩვენ კი კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებში ვუკეთებთ მხარდაჭერას, ამ შემთხვევაში როგორიცაა C-ჰეპატიტის საწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვა,"- განაცხადა დავით სერგეენკომ.