საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრომ ახალი კანონპროექტი მოამზადა, რომლის თანახმად, ცრუ შეტყობინებების განხორციელების შემთხვევაში ყველა პირი ძალიან მკაცრად იქნება დასჯილი.
"რაც შეეხება ამ ინიციატივას, კერძოდ, გულისხმობს გამკაცრდეს კანონი ცრუ შეტყობინებების შემთხვევაში. ამას ჩვენ ფორსირებულად, მოკლე ვადაში იმედი მაქვს, დავამტკიცებთ. პარლამენტში გადავაგზავნით და ამის შემდეგ ყველა ცრუ შეტყობინების ავტორი ძალიან მკაცრად იქნება დასჯილი, რომ ვერავინ ვეღარ გაბედოს ანალოგიური ტიპის ცრუ შეტყობინების განხორციელება სხვადასხვა უწყებებში,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე" კანონი გამკაცრდება. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლში, რომელიც „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე" პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და სასჯელის ზომა მნიშვნელოვნად გამკაცრდება. ასევე, ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შესაბამისად, ცრუ შეტყობინების ავტორ არასრულწლოვანთა მშობლების მიმართ სოლიდური ჯარიმა დაწესდება. დღემდე მოქმედი კანონმდებლობა 16 წლამდე პირთა მიერ ცრუ შეტყობინების განხორციელების შემთხვევაში სასჯელს არ ითვალისწინებდა.
ცნობისთვის, შენობებში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ 112-ში გუშინ შესული შეტყობინებების საფუძველზე ჯერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობიდან მოხდა თანამშრომელთა სრულად ევაკუირება, მოგვიანებით კი, ტელეკომპანია "იმედიდან" ორჯერ. ამასთან, გუშინვე მესამე ობიექტზეც დაფიქსირდა ცრუ შეტყობინება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრების და მომსახურე პერსონალის ევაკუირება გახდა საჭირო. ოთხივე შემთხვევაში განგაში უსაფუძვლო აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ცრუ შეტყობინებების ყველა ავტორი.