საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ჟენევას ეწვია, სადაც მან ორმხრივი შეხვედრები გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ნავი პილეისთან, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან ანტონიო გუტიერესთან, ჟენევაში გაერო-ს განყოფილების გენერალურ დირექტორთან კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტთან პიტერ მაურერთან, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს პრეზიდენტთან რემინგიუშ ჰენცზელთან. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს ადმიანის უფლებათა საბჭოს 24-ე სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების განმავლობაში, ასევე ადმიანის უფლებათა საბჭოში გამოსვლისას, მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ადამიანის უფლებათა სფეროში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მაია ფანჯიკიძემ ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მთავრობის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა და რეფორმების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერების აუცილებლობა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო აქტორების ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ შემაშფოთებელ მდგომარეობაზე გაამახვილა, სადაც საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებათა მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ მოკლებულია ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მინიმალურ საშუალებებს. მინისტრის გამოსვლაში სპეციალური ყურდღება რუსეთის უკანონო ქმედებებს დაეთმო, კერძოდ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმისა და მიწაყრილების მოწყობის პროცესს, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების შექმნის გადაუდებელი აუცილებლობა.
დემოკრატიის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევისა და საქართველოს მთავრობის მზაობის გათვალისწინებით გააძლიეროს თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში და საქართველოს გამოცდილება სხვა წევრ სახელმწიფოებსაც გაუზიაროს, მაია ფანჯიკიძემ ოფიციალურად გაახმოვანა საქართველოს სურვილი გახდეს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი 2016-2018 წლებში", _ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები