საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ დოკუმენტის გაფორმება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, აღნიშნულის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაუგზავნა საპროტესტო ნოტა რუსეთის ფედერაციას.
"მყისიერად საპროტესტო ნოტით მივმართეთ რუსეთს ფედერაციას. შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გავუგზავნეთ საპროტესტო ნოტა, სადაც აღნიშნულია, რომ ნებისმიერი მსგავსი სახის ხელშეკრულების გაფორმება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა და მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და ბათილად იქნება ცნობილი,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მომზადდეს ოფიციალური ხელშეკრულება "სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ".
"დაევალოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამართოს მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის მხარესთან და მოლაპარაკებების შედეგად რუსეთის ფედერაციის სახელით ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას", - ნათქვამია დოკუმენტში.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმებით განისაზღვრება სახელმწიფო საზღვრის ზოლი რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის. როგორც რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, ამ ხელშეკრულების გაფორმება "ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის საერთაშორისო-სამართლებრივ გაფორმებას და სასაზღვრო რეჟიმის გაძლიერების განხორციელებას".