ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანთან.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სომხურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.
მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო ქ. ერევანში 13 სექტემბერს მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალურ დიალოგსა და მასზე განსახილველ საკითხებს.
ალექსი პეტრიაშვილმა და ედვარდ ნალბანდიანმა საქართველოსა და სომხეთის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, უახლოესი მომავლის გეგმა კი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება და შემდგომ ხელმოწერაა.
„მინისტრმა ისაუბრა სომხეთის ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით, მათ ადრეც დაუფიქსირებიათ ასეთი სურვილი, რომ გაწევრიანებულიყვნენ საბაჟო კავშირში, ამიტომაც მან მიმოიხილა ის პროცესები, რომელიც ამ მიმართულებით ვითარდებოდა. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს შეფერხება ვერ შეექმნება იმის გამო, რომ სომხეთს აქვს სურვილი გაწევრიანდეს საბაჟო კავშირში და საქართველო კი აუცილებლად გაწევრიანდება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ზონებში ევროკავშირთან"-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო მინისტრი ერევანში საქართველოს მთავრობის დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც 13 სექტემბერს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მესამე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. არაფორმალურ მინისტერიალზე, რომელსაც გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე ესწრება, ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების საკითხებზე, ასევე, მოლოდინებსა და გამოწვევებზე მსჯელობენ.