,,ბიძინა ივანიშვილმა ქართული პოლიტიკის მთავარი ტაბუ დაარღვია", _განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას პრემიერ ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას.
პრეზიდენტის განცხადებით, არ შეიძლება საქართველოსთვის სომხეთი მაგალითი იყოს.
,,სახელმწიფო აპარატის ,,ქართული ოცნებისთვის" გადაბირების შემდეგ კეთდებოდა შემაშფოთებელი განცხადებები მაგალითად ქართული პოლიტიკის არმენიზაციის შესახებ. სომხეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა მაგრამ სომხეთმა გადაწყვიტა საბაჟო კავშირში შესვლა და ის არ შეიძლება იყოს მაგალითი როგორც ამას აცხადებს ჩვენი პრემიერ-მინისტრი. მან არაერთხელ თქვა, რომ სომხეთის პოლიტიკა ჩვენთვის მაგალითია", _განაცახადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ევრაზიულ კავშირის შესახებ გამოეხმაურა.
სააკაშვილის განცხადებით, ევრაზიული კავშირი საბჭოთა კავშირის ახალი ფორმა, რომელიც პუტინისა და მის გარემოცვის შექმნილია, იმისთვის, რომ უკან დახიონ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი შანს არ უშვებს იმისთვის, რომ არ ექიშპოს.
,, პრემიერ-მინისტრი სხვათა შორის შანს არ უშვებს, რომ მექიშპოს, მიჩხვლიტოს, დამეზომოს. ჩვენ საუბარი გვქონდა ამ თემაზე. უნდა ვაღიაროთ ერთი რამ მთავარი რაღაცა შეიცვალა ბოლო დღეებში პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა დაარღვია ქართული პოლიტიკის მთავარი ტაბუ_ეს მისი აბსოლუტური უფლება იყო, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის, მითუმეტეს, არჩეულის, მაგრამ ტაბუ დარღვეულია და ეს საკითხები ისევ დებატის საგანია_უნდა წავიდეს საქართველო დასავლეთში, თუ უნდა წავიდეს ჩრდილოეთში", _განაცახადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ევრაზიულ კავშირს ყურადღებით უყურებს.
,,რაც შეეხება, მე ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობთ. ამ ეტაპზე არავითარი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა?! ამ ეტაპზე არა გვაქვს პოზიცია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.