საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ,,საზოგადოებრივ მაუწყებელში" მიმდინარე პროცესებზე განმარტებას აკეთებს. როგორც ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა არხის საქმიანობაში პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ.
მისივე განმარტებით, სავარაუდოდოდ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ ჩაერიონ არხის საქმიანობაში.
"ჩვენ დავინახეთ როგორ შეიძლება, სასამართლო გაემიჯნოს პოლიტიკას, არ არსებობს, რომ ჩვენი მთავრობა, პოლიტიკური ძალა, სასამართლოს უფლებებში ჩაერიოს. როგორც იყო გახსოვთ და ახლა მე მგონი ხერხდება, სასამართლო გათავისუფლდეს მათგან. მე მგონი მსგავსი სიტუაციაა ,,საზოგადოებრივ მაუწყებელში". ისინი ტოტალურად აკონტროლებდნენ, მაგათი არჩეულია ეს საბჭოც. ჩვენ ვესაუბრებოდით ევროპელებს, როდესაც ,,საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით ცვლილებები ხორციელდებოდა პარლამენტში. ჩვენ მაქსიმალურად დავიცავით პარიტეტები, ვცდილობდით, რომ მაუწყებელი თანმიმდევრულად გარდაქმნილიყო და საზოგადოების სამსახურში ჩამდგარიყო. ახლა, მე მგონი, მცდელობაა ძველი გუნდისგან, მე ასეთი წარმოდგენა მაქვს, თუმცა არ მინდა, დასკვნები გავაკეთო", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდმა უკვე მეორედ არხის დირექტორი გიორგი ბარათაშვილი გაათავისუფლა. გუშინ კი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო მოსიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თამაზ ტყემალაძე (საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი) + ემზარ გოგუაძე (საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარე) = ერთობლივი ბრძოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩასაგდებად.