საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე დავით საგანელიძის ირინა იმერლიშვილის კანდიდატურით ჩანაცვლება არ იგეგმება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, კოალიცია "ქართული ოცნების" საპარლამენტო დეპუტაციის ლიდერის შეცვლის საკითხი კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებში არ განხილულა.
"მსგავსი ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარტიებს ეს საკითხი არ განგვიხილავს და სხვაგან თუ განიხილეს, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ,"- განაცხადა ბეძენიშვილმა.
ამასთან, კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის პოსტიდან დავით საგანელიძის შესაძლო გათავისუფლებას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში უარყოფენ.
"ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება წინასაარჩევნო შტაბში რაიმე სახის საკადრო ცვლილებები და დავით საგანელიძის ჩანაცვლება. ამაზე საუბარი არ ყოფილა და ვფიქრობ, არც დადგება დღის წესრიგში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის შეცვლის საკითხი,"- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა დავით ფაცაციამ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით საგანელიძისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და საარჩევნო შტაბების კურატორის ფუნქცის ჩამორთმევა იგეგმება და მას ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი შეცვლის.
საგანელიძის შესაძლო ჩანაცვლების მიზეზად მმართველი კოალიციის საარჩევნო შტაბებიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა და მათი "შავბნელი ხალხით" დაკომპლექტება დასახელდა.