აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ვახტანგ ყოლბაიას დღეს მეორედ დაამტკიცებენ.
აღნიშნულ თანამდებობაზე ყოლბაიას ხელმეორედ დამტკიცებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა ეწინააღმდეგება და განმარტავს, რომ ყოლბაია თანამდებობაზე პირველ ჯერზეც კანონდართღვევით დაინიშნა.
მისივე თქმით, აფხაზეთის კანონმდებლობაში ცოტა ხნის წინ ცვლილებებიც ყოლბაიას სასარგებლოდ შეიტანეს.
"აფხაზეთის უმაღლესი საბჭო იგივე პიროვნებას ნიშნავს, ოღონდ კანონის ახალი რედაქციით. მე თავიდანვე მხარს არ ვუჭერდი, იმიტომ, რომ მთელი რიგი სარეგლამენტო საკითხები კონსტიტუციის დარღვევით იყო. შემდგომი გადაწყვეტილებებიც მორგებული იყო პირველი მცდარი გადაწყვეტილების გამართლებას. ასეთმა მთავრობამ არ უნდა მართოს აფხაზეთის საზოგადოება, ამიტომ მსგავსი პროცედურული მაქინაციებით მოსული მთავრობის დამტკიცების კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ,"- განაცხადა თამაზ ხუბუამ.
აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ ყოლბაიას კანდიდატურის დამტკიცების საწინააღმდეგოდ თამაზ ხუბუას მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ყველ პროცედურა კანონის სრული დაცვით მოხდა.
"საკითხს განვიხილავთ და ბატონი ვახტანგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გააგძელებს მუშაობას. კანონიერია, სხვანაირად არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ჯერ ერთი, ჩვენ ეს კონსტიტუციურად გავამაგრეთ, მივიღეთ კონსტიტუციური კანონი და მასთან შესაბამისობაში მოდის ყველაფერი,"- განაცხადა გია გვაზავამ.