,,მე არაფერს ვერჩი პირადად მიხეილ სააკაშვილს ან სხვა რომელიმე პოლიტიკოსს. ჩემი მისიაა მესიების მისიების დასრულება საქართველოში", -აცხადებს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობს.
ივანიშვილის განმარტებით, მესიად რომ არ იქცეს აუცილებელია მისი პოლიტიკიდან წასვლა.
,,საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც აშფოთებს ჩემი პოლიტიკიდან წასვლა, ბევრია ისეთი, ვისაც სწორედაც რომ არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საერთო პროცესებზე, - ასეთებს ურჩევნიათ იყვნენ პასიურად მშვიდად და ყველაფრისთვის პასუხი აგოს სხვამ. სწორედ ამიტომ, ჩემი დარჩენა მთავრობის მეთაურად (მე, რომელსაც, შეიძლება ითქვას, მაქვს საზოგადოების გადაჭარბებული ნდობა) არათუ სასარგებლო, არამედ საზიანო იქნება მომავლისთვის, რადგან კი არ დაჩქარდება, არამედ შენელდება და მინავლდება ის, რისი საჭიროებაც იგრძნო საზოგადოებამ ბოლო 22 წლის განმავლობაში მოჯადოებულ წრეზე ტრიალით, - ეს არის საკუთარი პასუხისმგებლობის შეგრძნებით აღსავსე სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბება.სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახი დიდი ხანია არსებობს საქართველოში, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა მისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი დონის ევროპულთან მიახლოება. ევროპაში არისტოკრატული ელიტის საგანმანათლებლო და კულტურული როლი და ფუნქცია იკისრა „დემოკრატიულმა ელიტამ" (სამოქალაქო საზოგადოებამ), რომელიც წინამორბედისაგან განსხვავებით, ჯერ ერთი, აღარ არის საჯარო ხელისუფლებით აღჭურვილი, და მეორე, აღარ არის ჩაკეტილი რომელიმე სოციალური თუ ინტერესჯგუფისათვის. საქართველოში ეს პროცესი კომუნიზმის ბატონობამ მთელი 70 წლით გაწყვიტა, რამაც დაგვაკარგვინა ჩვენი საკუთარი ტრადიციები და მოგვწყვიტა ევროპულ ინტელექტუალურ და ღირებულებით საზრდოსაც. მაგალითისთვის, შევადაროთ 1913 წლის თუნდაც კოლონიური საქართველოსა და 2013 წლის უკვე თავისუფალი საქართველოს საზოგადოებები, - საუკუნისწინანდელ არასამთავრობო და საექსპერტო (დღევანდელი გაგებით) წრეებში საზოგადოების ევროპული ყაიდის ღირებულებითი სტანდარტები უკეთ იქმნებოდა, ვიდრე დღეს. მაშინდელი ქართული პრესის მესვეურები დღევანდელი ჟურნალისტებისგან რამდენიმეს თუ აიყვანდნენ სამსახურში პროფესიონალიზმისა და სიცრუის არკადრების გამო. მაშინდელი სიტყვა დღევანდელზე მეტად ფასობდა, მაშინ არჩევნების გაყალბების სისტემაში მოსახლეობის ნახევრის ჩაბმის შესაძლებლობას უფრო ძნელად დაიჯერებდა ქართველი კაცი, ვიდრე ადამიანის მთვარეზე გაფრენას", -აცხადებს ივანიშვილი.
მისივე განმარტებით, ხელისუფლება უკვე სტაბილურია, როდესაც ის სწორი მიმართულებით მიდის და ყველა შანსი აქვს წარმატებით გაართვას თავი დასახულ ამოცანებს.
,,ჩემი აზრით, დღეს, როდესაც ხელისუფლება უკვე სტაბილურია, როდესაც ის სწორი მიმართულებით მიდის და ყველა შანსი აქვს წარმატებით გაართვას თავი დასახულ ამოცანებს, ჩვენი მორიგი, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა გახლავთ სწორედ ჯანსაღი, საკუთარი ფუნქციის მქონე, საკუთარი პასუხისმგებლობის შეგრძნებით აღსავსე სამოქალაქო სექტორის განვითარება, ისეთი საზოგადოების ფორმირება, რომელიც არა მხოლოდ აკრიტიკებს, არამედ თავადაც ჩაებმება, აღზრდის და ამით ხელს შეუწყობს ევროპული ყაიდის, დემოკრატიული, მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფოს საბოლოოდ ჩამოყალიბებას. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ისეთ საზოგადოებას, რომელზეც დიდი ილია ოცნებობდა -,,ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა იცოდეს, რომ იგი განუყოფელი ნაწილია ერისა და ამიტომ თავის კეთილ დღეობას უნდა ეძებდეს მარტო მთელი ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე"_აცხადებს ივანიშვილი.