"ალასანიასაც და მთავრობის ბევრ სხვა წევრს უახლოეს პერიოდში არჩევანის გაკეთება მოუწევთ",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას ისაუბრა.
აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა იმ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმად, თითქოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელისუფლებო გუნდისგან განსხვავებულ განცხადებებს აჟღერებს.
"არ ვარ დაკავებული მინისტრების განცხადებების ანალიზით, მაგრამ ალასანიასაც და ბევრ სხვასაც უახლოეს პერიოდში, და ყველა ინდიკაციაა ამის, მოუწევთ არჩევანის გაკეთება. მოუწევთ არჩევანის გაკეთება ან საპრეზიდენტო არჩევნების წინ და ამას ყველა ნახავს, ან არჩევნების შემდეგ, ეგრევე. ეს არის სრულიად გარდაუვალი პროცესი. მათ მოუწევთ თავისი პოზიციის ჩამოყალიბება ყველა მიმდინარე პროცესთან მიმართებაში. ის, რომ ბევრი რაღაც არასწორი მიმართულებით მიდის, ყველა ამჩნევს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა. ყველამ უნდა მოძებნოს გამოსავალი, მათ შორის გამოსავალი ყველასთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.