თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, "კამათი იმის თაობაზე, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის ომი, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა"
ამის შესახებ უგულავამ დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალული საომარი მოქმედებებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნითვის პატივის მიგების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"5 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ბრძოლის დაწყების შემდეგ. დღეს ხშირად მიდის კამათი ვინ დაიწყო საომარი მოქმედებები. სამწუხაროდ, ეს კამათი ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზიც გახდა. ჩემი აზრით, სიტყვა "ვინ დაიწყო ომი", არასწორია, იმიტომ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ამ დიდი ხნით ადრე დაწყებული ომის ერთ-ერთი საბრძოლო მონაკვეთი დაიწყო. ომი დაიწყო რუსეთმა, როდესაც მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, როდესაც ძალისმიერი მეთოდებით ერთიანი ქართული სივრციდან აფხაზეთი და სამაჩაბლო წაიღო. არ მგონია, ვინმე ჯანსაღად მოაზრვნე ადამიანი არსებობდეს რომელიც დღეს საქართველოში ამაზე კამათობდეს,"- განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან ხუთი წელი სრულდება.
2008 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ინფორმაციით აგვისტოს ომის დროს დაიღუპა: შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე; პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე.