კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ 57 %-ია ტურისტი იმ ადამიანებისგან, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადმოლახეს, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ გააკეთა, რომელმაც დღეს სასტუმრო „რადისონში" ტურიზმის განვითარების ახალი სტრატეგიისა და ტურიზმის ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა.
როგორც გიორგი სიგუამ განაცხადა, ის ადამიანები, რომლებიც დღემდე ტურისტებად აღიქმებოდნენ, შესაძლოა ტურისტები საერთოდაც არ ყოფილიყვნენ. გიორგი სიგუას განმარტებით, საერთაშორისო დონეზე ტურისტად მიიჩნევს ყველა ის საერთაშორისო მოგზაური, რომელმაც ქვეყანაში 1 დღე-ღამე მაინც გაათენა და არა ის ვინც საქართველოს საზღვარი გადმოლახა.
„აქამდე საქართველოში მიიჩნეოდა, რომ ყველა საერთაშორისო ვიზიტორი ვინც გადმოლახა საზღვარი არის ტურისტი. ეს არის თავის მოტყუება. ყველა ადამიანი ვინც საზღვარი გადმოლახა ტურისტი არ არის. ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილია, რომ ტურისტი არის ადამიანი, რომელმაც გადმოლახა საზღვარი და ქვეყანაში თუნდაც ერთი ღამე გაათენა. კვლევები სწორედ იმისთვის ტარდება, რომ ვიცოდეთ, ვინ გადმოვიდა, რამდენი გადმოვიდა, რა მიზნით გადმოვიდა, რა მომსახურება მიიღო, რას ეძებს, მომავალში რა უნდა გავაუმჯობესოთ, რომელ მიზნობრივ ბაზრებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რათა გვქონდეს მკაფიო და ნათელი სურათი ჩვენი მომავალი მუშაობისათვის. ვერანაირ სტრატეგიას და გეგმავს ვერ დადებ ისე, თუ არ შეისწავლე და კარგად არ გამოიკვლიე, რა მოცემულობაში ვართ, ვინ მოდის. ტურისტი არ არის ის ვინ მხოლოდ საზღვარი გადმოკვეთა, ტურისტი არის მცხეთელი, რომელიც სამოგზაუროდ წავა რაჭაში ან რსხვა მხარეში და ასე შემდეგ. ასე რომ სამომავლოდ დიდი ყურადღება დაეთმობა როგორც გარე ასე შიდა ბაზრებს და შიდა ტურიზმის განვითარებას"- განაცხადა სიგუამ
საერთაშორისო ტურიზმის კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების 38 %-ი საქართველოში შვებულება, დასვენება, რეკრეაციისათვის ჩამოდის. 19 %-ი კი ტრანზიტია, ხოლო 9 % კი საქართველოს შოპინგისთვის სტუმრობს. კვლევის მიხედვით, საქართველოში შემოსული ვიზიტორების 5 %-ი ქვეყანას ბიზნესის, ან პროფესიული მიზნებით სტუმრობს, ხოლო 3 %-ი განათლების მიღებისთვის. საქართველოში შემოსული ვიზიტორების 2 % ქვეყანაში სამკურნალოდ ჩამოდის, ხოლო დარჩენილი 4 %-ი კი საქართველოს სხვადასხვა მიზნებით სტუმრობს.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტორებისათვის საქართველოში ყველაზე პოპულარულ ადგილები თბილისი (44 %) და ბათუმია (43%). შემდეგ მოდის ყაზბეგი - 6 %-ით, მარნეული - 5 %-ით, რუსთავი - 5 %-ით, მცხეთა - 4 %-ით, ქუთაისი - 3 %-ით, ლაგოდეხი 2 %-ით, ქობულეთი - 2 %-ით.