ირანის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც თავის გამარჯვებას უწოდა ახალი შანსი მათთვის, ვინც აფასებს დემოკრატიას, თანამშრომლობას და ღია დიალოგს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
„დიდება უზენაესს. ირანში გონიერებამ გაიმარჯვა. ესაა საღი გონების დიდი გამარჯვება ექსტრემიზმზე", - ნათქვამია ჰასან რუჰანის სპეციალურ მიმართვაში. თეირანის ქუჩებში ამ დრომდე ათობით ათასი ადამიანია გამოსული და 64 წლის ლიბერალის გამარჯვებას აღნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ღვთისმსახური, ადგილობრივი საზომით ლიბერალი, 64 წლის ჰასან რუჰანი დასახელდა. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუჰანმა 18 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, რამაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი შეადგინა.
პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 50% და პლიუს ერთი ხმა უნდა დაეგროვებინა, ასე რომ, შეიძლება ითქვას, არჩევნები შედგა. არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები არ იყვნენ წარმოდგენილნი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არჩევნების გაშუქება მკაცრად იზღუდებოდა - ლიბერალური გაზეთები იკეტებოდნენ, წვდომა ინტერნეტთან და საერთაშორისო მედიასთან გაუქმებული იყო და ჟურნალისტებს მასობრივად იჭერდნენ.
მასალის გამოყენების პირობები