უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია გაუგებარს უწოდებს პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უშიშროების საბჭოს სხდომის ჩასატარებლად პრემიერის დასწრება აუცილებელი არაა.
"პრემიერ-მინისტრმა გააკეთა გუშინ ჩემთვის გაუგებარი განცხადება, რომ რას მელოდებიან მე, ჩაატარონ სხდომა, თავისი მოვალეობები შეასრულონო. პრემიერ-მინისტრს როგორც ჩანს, ინფორმაცია არ მიაწოდეს და თავად არ იცის, რომ უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ მთავარი წევრი თავად არის და მისი პოლიტიკური გუნდი. ამიტომ მათთან შეთანხმების გარეშე როგორ უნდა ჩატარდეს უშიშროების საბჭოს სხდომა, ეს არის გაუგებარი", - განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, რადგან პრემიერმა არ იცის რა განსხვავებაა უშიშროების საბჭოს აპარატს და თავად საბჭოს შორის, ამიტომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალ, 16:00 საათზე ჩატარდეს უშიშროების საბჭოს სხდომა.
„მობრძანდეს პრემიერ-მინისტრი და თავისი გუნდი და ვიმსჯელოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. თუმცა სასურველი იყო, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური სპექტაკლების საფუძველი არ გამხდარიყო და გაცილებით უფრო საქმიან გარემოში მომხდარიყო ამ ყველაფრის შეთანხმება. ველით პრემიერმინისტრს აქ, პრეზიდენტის რეზიდენციაში, მის გუნდთან ერთად", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
მასალის გამოყენების პირობები