ფინანსთა მინისტრი ეკონომიკურად ცხელი ზაფხულის მოლოდინშია. როგორც ნოდარ ხადურმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უახლოეს დღეებში საქართველოს საკმაოდ მარალი დონის წარმომადგენლები ეწვევიან.
„დღეს თბილისში სსფ-სა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები. ხვალიდან თბილისში მსოფლიო ბანკისა და სსფ-ს ე.წ. ჰოლანდიის ჯგუფის შეხვედრა იმართება. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ბულგარეთის, ისრაელის, რუმინეთის, უკრაინას, ბელგიის, სომხეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ხორვატიის, კვიპროსის, მაკედონის, მოლდოვას, მონტენეგროს, ნიდერლანდების წარმომადგენლები.
საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია იმუშავებს ორი დღის განმავლობაში თბილისში. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ წარმატებული შეხვედრები იქნება. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციისათვის თბილისს არასოდეს არ უმასპინძლია. გარდა ამისა გადაწყდა, რომ 15-17 ივლისალდე თბილისში ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკის პრეზიდენტი ჩამოვა. ძალიან საინტერესო ზაფხული გველის ეკონომიკური თვალსაზრისით.
ეს პირველ რიგში არის ჩვენი საინვესტიციო გარემოს გაცნობა, პირველ რიგში საქართველოს გაცნობა. მოგეხსენებათ ჰოლანდია საქართველოსათვის საკმაოდ საინტერესოა პარტნიორია საქართველოსათვის, ისევე როგორც ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნები. გარდა ამისა ეს არის შესაძლებლობა გავუკეთოთ ჩვენს ქვეყანას და იმ შესაძლებლობებს რომელიც საქართველოს გააჩნია"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჰოლანდიის ჯგუფის წევრი ქვეყნების ყოველწლიურ შეხვედრას (Constituency Meeting) მასპინძლობენ.
აღნიშნული შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას ჯგუფის წევრი ქვეყნების (ბულგარეთი, ისრაელი, რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, სომხეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, საქართველო, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები) ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები მიიღებენ.
როგორც შეხვედრის ორგანიზატორები განმარტავენ, აღნიშნული რანგის შეხვედრა შესაძლებლობას აძლევს ჯგუფის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს განიხილონ სხვადასხვა საფინანსო თემები კერძოდ, განვითარების, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხები. ასევე შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების მაგალითებზე ერთმანეთს გაუზიარონ საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება.