,,ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა გაურკვეველია", -განაცხადა ჟურნალისტებთან ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსი სამხედროების მიერ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხები გადადებას არ საჭიროებს.
,,იგივე ე.წ. საზღვართან დაკავშირებული თემა, რომელიც ბევრი ადამიანისთვის არის ძალიან მძიმე და მტკივნეული, საერთოდ გაურკვეველია ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა ამ თემასთან დაკავშირებით. Mმე დღეს მოვისმინე, რომ ჩვენ თურმე უნდა ველოდოთ მომავალი თვის ბოლოს ჟენევაში როდის შეიკრიბება ჟენევის სამუშაო ჯგუფი, რომ ეს საკითხი განხილული იყოს, ან უნდა ველოდოთ ერთი კვირა კარასინთან შეხვედრას. თან ძლივს გავარკვიეთ ბოლოს და ბოლოს იქნება თუ არა კარასინთან ამაზე საუბარი, რადგან გუშინ გვეუბნებოდნენ, რომ არ იქნება, დღეს გვეუბნებიან, რომ იქნება", _განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება არ უნდა დაელოდოს როდის შედგება აბაშიძე-კარასინის შეხვედრა და ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, პირიქით ადეკვატური რეაგირება ახლავე უნდა მოახდინოს.
,,იცით რა ასეთი თემები არ ითმენს გადადებას და თვეობით ლოდინს, ან კვირეების განმავლობაში, რადგან თვის ბოლომდე ვიდრე ჟენევაში ეს შეკრება მოხდება გადმოტანილი ე.წ. საზღვარი იქნება უკვე რკინა-ბეტონის კონსტრუქციით აშენებული და გაცილებით უფრო ძნელი იქნება ამ პრობლემის უკან დაბრუნება და მოგვარება ვიდრე ეს იქნებოდა დღეს, ვიდრე ეს იქნებოდა მაშინ როცა პირველი ე.წ. საზღვრის გადმოწევის პირველივე ნიშნები გამოჩნდა. Mმე არ მესმის უბრალოდ რას ველოდებით", _განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღის წინ, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი 200-300 მეტრით გადმოწიეს.