ქვეყნის პირველი დიპლომატი მაია ფანჯიკიძე განმარტავს, რომ ის პრემიერ-მინისტრის მსგავსად რუსეთის მხრიდან უფრო მეტ დადებით ნაბიჯებს მოელოდა.
,,ბატონი ბიძინას მსგავსად ჩვენ ველოდებოდით, რომ რუსეთის მხრიდან იქნებოდა უფრო მეტი დადებითი ნაბიჯები, ვნახოთ რა იქნება, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დატვირთული თვე", -განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, 5 ივნისს პრაღაში, აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართება, ხოლო 26 ივნისს ჟენევის მოლაპარაკებები და და სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ სურათი უფრო ნათელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ის ახალ ხელისუფლებასა და რუსეთს შორის უფრო სხვა დამოკიდებულებას მოელოდა.
"ის რაც ხდება ძალიან არასასიამოვნო და მართალი რომ გითხრათ გაუგებარიცაა. რამე თუ, მე მეგონა სხვა დამოკიდებულება განვითარდებოდა ახალ ხელისუფლებასა და რუსეთს შორის. ჩვენ არ ვაკლებდით არაფერს სიტუაციის დასალაგებლად. ჩემთვის გაუგებარია და მაქსიმალურად ვცდილობთ გავერკვიოთ საიდან მოდის ეს, უმაღლესი ხელისუფლებიდან თუ... არ გამოვრიცხავ, რომ ეს მინისტრის, ან დაბალ დონეზე, შესაძლოა, გენერლის დონეზეც წყდებოდეს. ძალიან სამწუხაროა... მე მძიმე დასკვნების გაკეთებას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს ჩვენი შერბილებული რიტორიკის შედეგია. ამას არ ვეთანხმები. ჩვენ გვაქვს დიპლომატიური, ნორმალური, ჯანსაღი რიტორიკა რომელსაც არ ვფარავთ და ისევ გავაგრძელებთ. ვცდილობთ ყველაფერი დავალაგოთ დიპლომატიით და ნორმალური გამონათქვამებით და არა ომით. რთულია, ადრეც არასდროს არ მითქვამს რომ მოვალთ და ხუთ წუთში ყველაფერს დავალაგებთ. რა თქმა უნდა სიტუაცია საიდანაც ჩვენ დავიწყეთ იყო ძალიან რთული და დღესაც არის რთული, ეს რა თქმა უნდა მარტივად ვერ დალაგდება და ჩვენ არასდროს არ გვქონია ამის ილუზია. მაშინაც კი როდესაც ოპოზიციაში ვიყავი მე არასდროს ამ საკითხს არ ვამართლებდი. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. თუ გნებავთ ეს ფაქტიც ამას ადასტურებს. მე არასდროს არ მითქვამს რომ ჩვენ მოვალთ და ეს პრობლემა სწრაფად მოგვარდება" , - აცხადებებს ივანიშვილი ,,პრაიმ ტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.