სირიაში ამბოხებულებთან შეიარაღებული შეტაკებისას 40 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთში ბაზირებული „სირიის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი" ავრცელებს.
ინციდენტი სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პროვინცია იდლიბის ქალაქ ნაირაბის მიმდებარე სამხედრო ბაზასთან მოხდა.
„შეტაკებისას ამბოხებულების მხრიდან 14, ხოლო შეიარაღებული ძალების მხრიდან 40 ადამიანი დაიღუპა", - ნათქვამია „სირიის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამხედრო ბაზა, სადაც შეიარაღებულ ძალებსა და ოპოზიციას შორის შეტაკება მოხდა, რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზაა, რომელსაც სახელისუფლებო ძალები ციხის დანიშნულებითაც იყენებენ.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში და კონფლიქტი სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალებს შორის უკვე ორი წელია გრძელდება. გაეროს მონაცემებით, ამ ხნის განმავლობაში 80 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.