ყველაფერი გვაძლიერებს, რაც არ გვკლავს, - განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. მან სასამართლოსთან შეკრებლი მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბრძოლა გაგრძელდება.
„ყველა დიდი მადლობა და თუ თვლით რომ მართლები ვართ, ამასაც გადავიტანთ და ბევრს სხვა რამესაც. გავასაჩივრებთ, ბრძოლა გაგრძელდება სამართლებრივიც, პოლიტიკურიც. ჩვენ რასაც ვემსახურებით, ეს არის ის საქართველო რომლის აშენებაც გვინდოდა, რომელსაც ადრე იქნება თუ გვიან, ერთად გავაკეთებთ. ყველაფერი გვაძლიერებს, რაც არ გვკლავს. ყველაგერი კარგად იქნება საბოლოოდ. ვერ მოვკვდით, ვერ მოვკვდებით ვერც დღეს და ვერც ხვალ და ვერც ზეგ, ვიღაცეების გულის გასახეთქად", - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით ახალბედაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და საქართველოს ექსპრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი პატმრობა შეუფარდა, ჯანდაცვის ექსმინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილის კი 20 ათასი ლარის გირაოს გადახდა.
მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 15 ივლისს გაიმართება.
ვანო მერაბიშვილს ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის კოდექსის 164.1, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებების ჩადენას ედავება. ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ამომრჩევლის მოსყიდვას და გაფლანგვას.
მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობენ.