გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი, გიორგი შონვაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, ხათუნა გოგალაძის თქმით, შონვაძის გათავისუფლების საფუძველი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაა.
„შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა, რის შედეგადაც გამოვლინდა თანხების, კერძოდ, რამდენიმე მილიონი ლარის, არამართლზომიერი ხარჯვა", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
გოგალაძის თქმით, აუცილებელია აღინიშნოს, რომ საუბარია არა მხოლოდ საბიუჯეტო, არამედ საერთაშორისო დონორების გრანტების ფარგლებში გამოყოფილ თანხებზეც, რაც ზრდის სამინისტროს პასუხისმგებლობას აღნიშნული თანხების მართლზომიერი ხარჯვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი გათავისუფლდა, ხოლო საქმის მასალები პროკურატურას შესწავლისათვის გადაეგზავნა.