დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო სირიის მოსახლეობას 30 მილიონ ფუნტს, ხოლო სირიის ოპოზიციას არა სამხედრო დახმარების სახით 10 მილიონ ფუნტს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერის კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დიდი ბრიტანეთი სირიის კრიზისის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დამატებით 30 მილიონი ფუნტით დაეხმარება. ასევე, დამატებით 10 მილიონ ფუნტს გამოუყოფს სირიის ოპოზიციას არა სამხედრო დახმარების სახით", - ნათქვამია განცხადებაში.
დამატებითი 30 მილიონის გათვალისწინებით, ბრიტანეთის მიერ სირიელი ხალხისთვის გაწეული დახმარება 170 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მიერ სირიის ოპოზიციისთვის გაწეული არა სამხედრო სახის დახმარება, რომელიც აქამდე დაახლოებით 12 მილიონს შეადგენდა, თითქმის გაორმაგდება.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირებისა და სამშვიდობო პროცესის დაწყების მიზნით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტეს საერთაშორისო კონფერენცია მოიწვიონ.
სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში დაიღუპა დაახლოებით 70 ათასი ადამიანი, ხოლო ნახევარ მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.