ნესტან კირთაძე პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება. როგორც პირველი რადიოს პრესკლუბში საერთაშორისო მოძრაობა ,,ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" ლიდერმა ნესტან კირთაძემ განაცხადა, პრეზიდენტობის კანდიდატობა მას "ქართული ოცნების" მიერ გიორგი მარგველაშვილის დასახელებამ გადაწყვეტინა.
"ეს იყო ჩემთვის გაუგებარი გადაწყვეტილება, მარგველაშვილის დიდი პატივისცემის მიუხედავად. მომავალი პრეზიდენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი, ის უნდა იყოს არბიტრი და კრიზისების მმართველი. სამწუხაროდ მარგველაშვილის პოლიტიკური წარსული არის მხოლოდ ფილოსოფოსობა და ირონიული განცხადებები. მას არ აქვს გამოცდილება. ტერიტორიული მთლიანობა არის უმთავრესი, სამშვიდობო ურყევი პროცესისთვის არის მკაფიო სიგნალები და გარანტიები, სამშვიდობო მექანიზმი", - განაცხადა ნესტან კირთაძემ.
კირთაძის თქმით, მას გააჩნია სამშვიდობო მექანიზმი, რომელიც მთელ მსოფლიოს გააცანო.
"მე როგორც ქართულ აფხაზურ და ქართულ ოსურ საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტს მაქვს სამშვიდობო მექანიზმი, რომელიც მთელ მსოფლიოს გავაცანი. მე გავმართავ დიალოგს ჩვენ ხალხთან, ჩემი კამპანიის დიდი ნაწილი სწორედ ამ საკითხს დაეთმობა", - განაცხადა კირთაძე.
მისივე თქმით, ხალხის არჩევანი არის დასავლური ვექტორი და იგი ამ კურსის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.
კირთაძემ აღნიშნა, რომ ის არჩევნებზე გავა როგორც დამოუკიდებელი კანიდატი.
"მე ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი, ეს არის ჩემი ხიბლი, ორი მთავარი ძალა იქნება ოცნება და ნაციონალები მაგრამ დამოუკიდებელ კანდიდატსაც დიდი შანსი აქვს", - აღნიშნა ნესტან კირთაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატად განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაასახელა.