მთავრობის კანცელარიაში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული პრობლემების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ სხდომის დაწყებამდე განამარტა შეხვედრაზე განხილული იქნება რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის პროექტი, რომელთან მიმართებაშიც საკონტრაქტო ვალდებულების შესრულების კუთხით ხარვეზები არსებობს.
,,დღეს იმართება კომისიის პირველი სხდომა, რომელზეც წარმოდგენილია რამდენიმე პრობლემური საკითხი. პრობლემები ძირითადად შეეხება შესრულებული სამუშაოების ხარისხს და საკონტრაქტო ვადების დარღვევას, შესაბამისად კომისიამ უნდა იმსჯელოს ვადების გაგრძელება-არგაგრძელებასთან დაკავშირებულ საკითხზე და სამართლებრივი გადაწყვეტის მექანიზმებზე", - განაცახადა დავით ნარმანიამ, რომელიც სამთავრობო კომისიის სხდომას უძღვება.
ნარმანიას განცხადებით, კომისიაზე მიღებულ რეკომენდაციებს მთავრობას წარუდგენს და მინისტრთა კაბინეტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
სამთავრობო კომისიის პირველი სხდომას ესწრებიან ენერგეტიკის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრები, ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერი და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.