ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა საქართველო-ესტონეთის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ანდრეს ჰერკელის თავმჯდომარეობით ესტონეთის პარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა. სახელმწიფო მინისტრმა ესტონეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ასევე, განსაკუთრებულად აღნიშნა ესტონეთის მიერ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის აღიარებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ესტონეთის მონაწილეობის მნიშვნელობა. მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს და ამ მხრივ ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების მნიშვნელობა აღნიშნეს.
ალექსი პეტრიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტებად რჩება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, ასოცირების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესს, ასევე, საქართველოს სურვილს, ვილნიუსის სამიტისათვის დაასრულოს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა და შემდეგ ფაზაზე გადავიდეს.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები სხვადასხვა სფეროებში. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ესტონეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეს ჰერკელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ესტონეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორული მთლიანობას, ასევე, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.
მასალის გამოყენების პირობები