პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტის სხდომაზე „ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების რატიფიცირების საკითხი განიხილეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი ხელაიას ინფორმაციით, შეთანხმებას 2013 წლის 5 მარტს, ვენაში მოეწერა ხელი და მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება, გაფართოება და გაღრმავება წარმოადგენს.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნული ხელშეკრულების პლენარულ სხდომაზე სარატიფიკაციოდ გატანას.
ამავე სხდომაზე იმსჯელეს საპარლამენტო უმცირესობის წევრის, პარლამენტის წევრ ზურაბ ჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც წარმოდგენს კანონპროექტს „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ". მანვე წარმოადგინა აღნიშნული კანონპროექტის თანმდევი კანონპროექტები.
ზურაბ ჯაფარიძემ კოლეგებს გააცნო კანონპროექტის ზოგადი პრინციპები. მისი თქმით, ამ კანონპროექტის მიზანია, ერთჯერადი ხასიათის განსაკუთრებული და დროებითი ღონისძიების სახით იმ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული სამეწარმეო და ეკონომიკურ სფეროში.
ავტორი ვარაუდობს, რომ კანონპროექტი უნდა გავრცელდეს 2004 წლიდან 2013 წლამდე ჩადენილ დანაშაულობებზე.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ამ კანონპროექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა მთავრობამ იმ მოტივით, რომ მისი მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, კანონპროექტის მე-5 მუხლი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კანონპროექტის მიზანი ეკონომიკური ვითარების გამოსწორება კი არაა, არამედ ესაა დაფარული ქონების ლეგალიზაციის მიღწევა, ანუ მოპარული ქონების ლეგალიზაცია.„დაუსაბუთებელი ქონება რა წესით დააკანონ - ამაზეა აქ ლაპარაკი. ეს მიუღებელია ჩვენთვის. აქ მე ვერ ვხედავ ქართული ეკონომიკის წამახალისებელ ფაქტორს. იგი პირიქით, ზიანის მომტანი იქნება, ვინაიდან 9 წლის განმავლობაში მოპარული ქონების დაკანონება უსამართლობის დაკანონებას ემსახურება", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. ამასთანავე, მისივე თქმით, სხვა საკითხია ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, რაც ცალკე განხილვის საგანი შეიძლება გახდეს.
საბოლოოდ, კომიტეტის წევრებმა ზურაბ ჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.