პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ ქართველ სამხედროებს პროფესიული დღესასწაული - ქართული შეიარაღებული ძალების დღე პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ბიუროს წევრთა სახელით მიულოცა და ქვეყნისადმი მსახურების საქმეში წარმატებები უსურვა.
ბიუროს წევრებმა იმსჯელეს 1-2 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორის და ბიუროს გადაწყვეტილებით, ამ სასესიო კვირას მეორე მოსმენით აღარ განიხილება კანონპროექტი „პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონსი ცვლილების შეტანის თაობაზე".
კანონმდებლები პირველ მაისის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელებენ, განიხილავენ ასევე რამდენიმე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხს.
იმის გამო, რომ 3 მაისი, წითელი პარასკევი, შრომის კანონმდებლობით უქმე დღეა, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, 2 მაისს შეიკრიბება.
ბიურო წევრებმა ასევე იმსჯელეს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე. მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტის მიერ 5 აპრილს მიღებული კანონპროექტების „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისი თანმდევი კანონპროექტების, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცეესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე. ბიუროს გადწყვეტილებით, აღნიშნული შენიშვნები გადაეცემა შესაბამის კომიტეტებს, რომლებმაც პარლამენტის უახლოეს ბიუროს უნდა წარუდგინონ დასკვნები აღნიშნული შენიშვნების შესახებ, რის შემდეგაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს განიხილავს.
პარლამენტის ბიუროს მომდევნო სხდომა ხვალ, 1 მაისს 11:00 საათზე გაიმართება.