ქართული საპარლამენტო დელეგაციის ჩეხეთში ვიზიტი დასრულდა. Mმანამადე კი საპარლამენტო დელეგაციის წევრები დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის დეპუტატთა პალატის სამოქალაქო-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელს, მარეკ ბენდას შეხვდა.
მარეკ ბენდამ ჩეხეთ-საქრთველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩეხეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა მხარს უჭერდა და კვლავაც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ.
თავის მხრივ კი დავით უსუფაშვილმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას დაადასტურა ქვეყნის ურყევი კურსი ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ და განმარტა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებში გაწევრიანების მისწრაფება, ეს არის არა ცალკეული პოლიტიკური ან პარტიული ლიდერის მისწრაფება, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ურყევი ნება. დავით უსუფაშვილმა ამ მიმართულებით საქართველოს ევროპელი მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ევროპის გამოცდილება ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანია განსაკუთრებით გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებისთვის. გადაწყდა, რომ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები უფრო ინტენსიურ ფორმატში წარიმართოს და უკვე დაიგეგმა ივნისის თვეში ჩეხეთის დეპუტატთა პალატის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.