პარლამენტის წესებისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა დღეს პროკურატურის გამოძიების დოკუმენტები გაასაჯაროვა.
დოკუმენტების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშებს სწავლობს.
იმერლიშვილის განმარტებით, თანხები, საპარლამენტო უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ძვირადღირებული საჩუქრების შეძენაზეა დახარჯული.
"როდესაც სახელმწიფო დაცვის სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იყო, დოკუმენტაცია სახელმწიფო დაცვის სამსახურთან დაკავშირებით, მის ხარჯებთან დაკავშირებით იყო საიდუმლო. მას შემდეგ, რაც მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა ეს გრიფი მას მოეხსნა. დოკუმენტებში არის შოკისმომგვრელი მასალები", - განაცხადა იმერლიშვილმა.
მისივე თქმით, დოკუმენტებში ასახულია, რომ არამიზნობრივად დაიხარჯა მილიონობით ლარი. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის, მეგობრების საზღვარგარეთ ვოიაჟსა და ძვირფას საჩუქრებზე.
იმერლიშვილის განცხადებით, 2013 წელს პრეზიდენტთან ერთად, ახალ წელს საპარლამენტო უმცირესობის წევრები - გოგა ხაჩიძე, გიორგი ღვინიაშვილი, დავით საყვარელიძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი შეხვდა.
დოკუმენტაციის თანახმად, ასევე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშებიდან მოხდა საპარლამენტო უმცირესობის წევრ მარიამ საჯაიასთვის ძვირადღირებული საჩუქრის შეძენაც.