"ნაციონალურ მოძრაობაში" არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში" კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას სახელით გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"მე არა მხოლოდ არ მქონია კომუნიკაცია მასთან (დათა ახალაიასთან რედ.) ბოლო პერიოდში, არამედ ის საერთოდ 2-3-ჯერ შეიძლება მყავდეს ნანახი", - განაცხდა მიხეილ სააკაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობა" არ არის პიროვნულ ურთიერთობებზე აგებული ჯგუფი. "ნაციონალური მოძრაობა" პრინციპების გარშემო არსებული გაერთიანებაა. ადამიანები მიდიან, მოდიან, ჩხუბობენ, წასულან, მოსულან და ეს არის ნორმალური პროცესი", - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ძალიან შეკრული.
პრეზიდენტის თქმით, რევოლუციის შემდეგ დათა ახალაია "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი არასდროს ყოფილა.
მისივე თქმით, დათა ახალიას ძმის ბაჩო ახალიას მიერ შეიარაღებულ ძალებში ბევრი რამ გაკეთდა.
"რაც შეეხება მის ძმას, უნდა ვთქვათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა ბევრი რამ შეიარაღებულ ძალებში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის არ იყო ინფორმირებული, როდესაც ბაჩო ახალაია საქართველოში ბრუნდებოდა.