თურქეთში ბურსას რაიონში საქართველოს პრეზიდენტი ეთნიკურად ქართული წარმოშობის ადგილობრივ მოქალაქეებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სოფელ ჰაირში ორ ოჯახს ესტუმრა. პრეზიდენტთან შესახვედრად ადგილობრივი მოსახლეობაც იყო შეკრებილი. საქართველოს პრეზიდენტს მათ გადასცეს წერილი, რომელშიც თურქეთში მცხოვრები ქართველები დეტალურად აღწერენ მათი გადმოსახლების ისტორიას აჭარის რეგიონის სოფელ მაჭახელადან 1887 წელს.
წერილში აღნიშნულია, რომ ისინი თურქეთის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან, თუმცა სურთ მჭიდრო კავშირი ისტორიულ სამშობლოსთან. ყველას, ვისაც შენარჩუნებული აქვს ქართული ენა და კულტურა, ქვეყნის პირველი პირი საქართველოს მოქალაქის სტატუსის მინიჭებას დაპირდა. ერთ-ერთი ოჯახის უფროსსა და მის მეუღლეს, ბასრი ილდირიმსა და მაქბულე ილდირიმს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დღესვე მიანიჭა.
მასალის გამოყენების პირობები