საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განცხადა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.
,,დღეს იწყება საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი პორტუგალიის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო მდივან კარლოს მოედასთან, ასევე სახელმწიფო და საგარეო საქმეთა მინისტრთან პაულო პორტაჟთან და ეროვნული ასამბლეის საქართველოს მეგობარი ჯგუფის წევრებთან", -განაცხადა ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და პორტუგალიას შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და საქართველო-ევროკავშირს შორის მნიშვნელოვანი მიმართულებები. როგორც ჟურნალისტებთან ზალკალიანმა განმარტა 3-4 აპრილს დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრაზილიაში.
,,დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრაზილიაში. მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ განხორციელდა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ბრაზილიაში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს გაიმართება შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე დაგეგმილია პალატის, სენატისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან", -განაცხდა დავით ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში დიდი დრო დაეთმობა საქართველოს თანამშრომლობას ლათინური ამერიკის ქვეყნებთან.