"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დღეს პარტიის ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაპუნა დავითაია რაიონის მოსახლეობას წარუდგინეს.
მოსახლეობასთან შეხვედრა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და თბილისის მერმა გიგი უგულავამ გამართეს.
როგორც მერაბიშვილმა ადგილობრივებთან შეხვედრისას აღნიშნა, მათი გარდაცვალების შესახებ ცნობა გაზვიადებულია, რადგან ისინიარსებობენ და იბრძვიან.
მისი თქმით, საზოგადოებას ჯერ არ მიეცა საკმარისი დრო დარწმუნებულიყო, რომ ეს ხელისუფლება არც ერთ თავის პირობას არ ასრულებს და ტყუილებითაა დაკავებული.
"ეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდება 19 აპრილს, როდესაც ყველანი ჩვენ შევიკრიბებით, მაგრამ ჩვენ დღესაც ვიბრძოლებთ, ხვალაც ვიბრძოლებთ, ზეგაც ვიბრძოლებთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად", - განაცხადა მერაბიშვილმა.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნაძალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის ოლქებში კოალიცია „ქართული ოცნების" სიით გამარჯვებულ დეპუტატებს - თეა წულუკიანს, კახა კალაძესა და არჩილ კბილაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საკანონმდებლოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო შეუწყდათ. ამის გამო, სამივე ოლქში ხელახალი შუალედური არჩევნები 27 აპრილს ჩატარდება.