ბათუმში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა შეხვედრაზე მხარეები ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
,,ეს არის თანამშრომლობის ახალი ფორმატი, რადგან ჩვენ სამ ქვეყანას ერთმანეთთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებს. ეს არ არის მხოლოდ გაზსადენები, მილსადენები, რკინიგზა, არამედ ეს არის პოლიტიკური თანამშრომლობა, კულტურული, ტურიზმის და ა.შ. დღეს, ამ ფართო სპექტრის შესახებ იქნება საუბარი", _განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები სამივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე მინისტრები მიიღებენ უწყებათაშორისი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას 2013-2015 წლებისათვის. აღნიშნული გეგმა შემუშავდა შესაბამისი უწყებების მიერ და ითვალისწინებს სამი ქვეყნის კომპეტენტური სამინისტროების მიერ, ერთობლივი პროექტებისა და კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით. სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორც არის: ეკონომიკა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები განახორციელებენ სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს.