საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონების გუბერნატორებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა სოფლის მეურნეობის განვითარება იყო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გუბერნატორები რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებას, სამუშაო ადგილების შემქნას, გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების საკითხების განხორციელებას გეგმავენ.
პრეზიდენტთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის ვაუჩერების თემაც განიხილეს.
"ჩვენ ოპტიმალურ ნაბიჯად მიგვაჩნია, თუ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას და თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც უნდა მიეღო ბარათი მისცემს საშუალებას, რომ ეს ბარათი გაანაღდოს - აიღოს გარკვეული თანხა, რომელსაც შემდეგ თვითონ მოახმარს ის თავის საკარმიდამო ნაკვეთს თუ სახნავ-სათეს სავარგულებს, რომელიც დღეს მათ აქვთ", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ.
მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობის ვაუჩერების დარიგების სანაცვლოდ, თანხის გაცემის ინიციატივით რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანი მერაბიშვილი გამოვიდა.
როგორც მან აღნიშნა, ქართველი გლეხების დიდი ნაწილი დაპირებულ და ბიუჯეტიდან გამოყოფილ 400-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებს, ამიტომ გლეხებს უნდა მიეცეს საშუალება ეს ბარათები ბანკებში გაანაღდონ და თვითონ გადაწყვიტონ რაში გამოიყენონ ისინი.