"ნაციონალური მოძრაობა" არჩილ ხაბაძეს, გიორგი თავართქილაძის გამო უმაღლეს საბჭოში აღარ დაიბარებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ეკა თარგამაძემ განუცხადა, მთავრობის მეთაურის არჩილ ხაბაძის დაბარება საკანონმდებლო ორგანოში, ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრის გიორგი თავართქილაძის თემაზე აღარ მოხდება. როგორც ეკა თარგამაძე განმარტავს, ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, უმცირესობა საჭიროდ აღარ მიიჩნევს, რომ არჩილ ხაბაძე ყოფილი მინისტრის თემასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში იყოს დაბარებული.
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უმაღლეს საბჭოში გამოცხადების ვალდებულება მაშინ დგება, როდესაც უმაღლესი საბჭოდან არის წერილობითი მოწვევა. მსგავსი მოწვევა მთავრობის კანცელარიაში არ შემოსულა, შესაბამისად დღის წესრიგში არ დგას საკითხი გამოვცხადდები თუ არა. ტელევიზიით შეიძლება ბევრი განცხადება გაკეთდეს, მაგრამ ყველაფერს თავისი პროცედურა გააჩნია. მოწვევის შემდეგ გადავწყვეტ რამდენად საფუძვლიანი მოთხოვნაა, რა საკითხებს შეეხება, როდის უნდა შევხვდე, რა ფორმატში და ა. შ."- განმარტავს თავის მხრივ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან საუბრისას არჩილ ხაბაძე.
"ნაციონალური მოძრაობა" ადასტურებს, რომ მათ მთავრობის კანცელარიაში წერილი არ ჩაუბარებიათ და მხოლოდ სატელევიზიოო კომენტარებით შემოიფარგლენ. თუმც როგორც უმცირესობა განმარტავს, არჩილ ხაბაძე რამდენიმე დღის განმავლობაში სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა და ამ ხნის განმავლობაში თემამ აქტუალურობა დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის უკან, აჭარის მთავრობის მეთაური უმცირესობამ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარა. უმცირესობის აზრით, საზოგადოებაში უამრავი შეკითხვა დაგროვდა მთავრობის ხელმძღვანელსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან დაკავშირებით, უფრო ზუსტად კი გიორგი თავართქილაძის თანამდებობიდან "უცნაურ" განთავისუფლებასთან დაკავშირებით.