აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში, „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომაზე მისვლას ჯერ არ აპირებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხაბაძე იმით ხსნის, რომ ამ დრომდე „ნაციონალურ მოძრაობას" მისთვის ოფიციალური წერილით არ მიუმართავს, რითაც ფრაქცია არჩილ ხაბაძის მისვლას უმაღლეს საბჭოში კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებით მოითხოვდა.
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უმაღლეს საბჭოში გამოცხადების ვალდებულება მაშინ დგება, როდესაც უმაღლესი საბჭოდან არის წერილობითი მოწვევა. მსგავსი მოწვევა მთავრობის კანცელარიაში არ შემოსულა, შესაბამისად დღის წესრიგში არ დგას საკითხი გამოვცხადდები თუ არა. ტელევიზიით შეიძლება ბევრი განცხადება გაკეთდეს, მაგრამ ყველაფერს თავისიი პროცედურა გააჩნია. მოწვევის შემდეგ გადავწყვეტ რამდენად საფუძვლიანი მოთხოვნაა, რა საკითხებს შეეხება, როდის უნდა შევხვდე, რა ფორმატში და ა. შ."- განუცხადა სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" არჩილ ხაბაძემ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის უკან, აჭარის მთავრობის მეთაური უმცირესობამ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარა. უმცირესობის აზრით, საზოგადოებაში უამრავი შეკითხვა დაგროვდა მთავრობის ხელმძღვანელსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილ მინიტრთან დაკავშირებით, უფრო ზუსტად კი გიორგი თავართქილაძის თანამდებობიდან "უცნაურ" განთავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც მაშინ „ჯი-ეიჩ-ენს" ფრაქციაში განუმარტეს, სიტუაციაში უკეთ გასარკვევად, გამორიცხული არ არის, რომ უმცირესობამ მეორე მხარესაც ანუ გიორგი თავართქილაძესაც მოუსმინოს, თუ კი ყოფილი მინისტრისგან სათანადო სურვილი იქნება.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე დღის უკან გაავრცელა ნათქვამია, რომ "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2013 წლის 10 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სამდივნოში პირადად დატოვა. აჭარის მთავრობის აპარატის კანცელარიაში აღნიშნული განცხადება 2013 წლის 13 თებერვალს დარეგისტრირდა. განცხადებაში მითითებულია, რომ თანამდებობის დატოვების მიზეზი არის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამა წლის 4 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი თავართქილაძის მოთხოვნა გათავისუფლების შესახებ #26-ე ბრძანებით დააკმაყოფილა. გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გიორგი თავართქილაძეს თავად მთავრობის თავმჯდომარემ აცნობა. ამავე დღეს ბრძანება გადაიგზავნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კანცელარიაში და შესაბამისად, მათ მიერაც მოხდა ყოფილი მინისტრის ინფორმირება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ". ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.