საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს მათთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანს უწოდებს.
როგორც მან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას აღნიშნა, საპარლამენტო უმცირსეობამ და უმრავლესობამ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა ითანამშრომლოს.
"ჩემი მხრიდან ასევე დაგიდასტურებთ სურვილს იმისა, რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ. იმისათვის, რომ ეს იქნება თუ სხვა ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც პრინციპში ერთნაირად ვუყურებთ, გადავწყვიტოთ თანხმობით და ერთმანეთთან კრიჭაში ჩადგომით და პროცედურული ომებით არ ვიყოთ დაკავებული", - განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, ცვლილებებისადმი მათი პარტიის დამოკიდებულება რამდენიმე წლის წინ განისაზღვრა, როდესაც ოქტომბრიდან ასამოქმედებელ კონსტიტუციაში სწორედ ეს ნორმა ამოიღეს, რისი ამოღებაცდღის წესრიგში ახლა დგას.
"აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს პრინციპულ საკითხად არ მიგვაჩნია. პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ აპირებს ამ ცვლილებების წინააღმდეგობას იმიტომ, რომ ის არ აპირებს ამ ნორმის გამოყენებას. მართლაც უცნაური იქნებოდა ისეთი უმრავლესობისთვის, როგორიც ხართ თქვენ, მცირედი ნაბიჯი გადადგათ ოპოზიციის მიმართულებით, რომ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი - სუფთა მორალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროცედურა იქნეს ჩატარებული", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მისივე თქმით, განსხვავებული აზრის პირობებში ქვეყანა ფონს უნდა გავიდეს, ამისთვის კი, ყველას ღირსება უნდა ჰქონდეს მათი საქმიანობა პარლამენტის დარბაზში ღირსეულად განახორციელონ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ განწყობით - პატივისცემით ერთმანეთის მიმართ გავაგრძელოთ საქმიანობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურად, რომ ეს საკითხი გავიდეს იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა მთავრობამ აკეთოს ის საქმე, რასაც ელის საქართველოს მოსახლეობა და უმცირესობამ შეასრულოს ოპოზიციის როლი", - აღნიშნა უმცირესობის წარმომადგენელმა.
საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უკვე რამდენიმე საათია განიხილავს. ამ წუთებში სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.