ფრანგმა ძიუდოისტმა, 37 წლის ტედი რინერმა საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. მან საკუთარი კანდიდატურა 9 ნოემბერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეომიმართვაში ინტერვიუში დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
„მე ტედი რინერი ვარ და დღეს პირდაპირ გეუბნებით: საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიყრი კენჭს“, - განაცხადა სპორტსმენმა ვიდეომიმართვაში.
რინერის თქმით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში არსებული სოციალური დაპირისპირება, საზოგადოების უკმაყოფილება და მომავლის მიმართ ახალგაზრდებსა და უფროს თაობაში იმედის დაკარგვა გახდა.
„ბრძოლა ყოველთვის ჩემი ნაწილი იყო. ვიცი, რას ნიშნავს ბრძოლა, დაცემა და ყოველ ჯერზე ფეხზე წამოდგომა. ვიცი, რას იტყვის ხალხი ჩემზე: “გიჟია. ისტებლიშმენტის წარმომადგენელი არ არის. არ იცის, როგორ მუშაობს ეს სისტემა. პოლიტიკაში არასდროს ყოფილა”. თუ თავის დახრაზე უარის თქმა და ქაოსთან შეგუებაზე უარის თქმა სიგიჟეა, მაშინ დიახ, სრულიად გიჟი ვარ.
შეურიგებლობა გამოსავალი არ არის. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეების ფონზე, დროა, პასუხისმგებლობა ავიღოთ. არ ვიქნები მათ შორის, ვინც ქვეყანას უყურებს, როგორ იწვის, და თავის გასამართლებელ მიზეზებს ეძებს“, - განაცხადა მან.
რინერმა Le Parisien-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საკუთარ თავს არც მემარჯვენე და არც მემარცხენე პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენლად მიიჩნევს. მისი თქმით, სურს, გახდეს პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს და არა დაყოფს.
სპორტსმენის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ დაიწყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიიღო.
არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, რინერი სპორტულ კარიერას დასრულებულად არ მიიჩნევს და 2028 წელს ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლასაც არ გამორიცხავს.
„არა, თუ პრეზიდენტის თანამდებობა ამის საშუალებას მომცემს და ფრანგები ამის უფლებას მომცემენ“, - უპასუხა მან კითხვას, ნიშნავს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ოლიმპიურ კარიერაზე უარის თქმას.
რაც შეეხება მის პოლიტიკურ ხედვებს, რინერმა რამდენიმე პრიორიტეტი დაასახელა, მათ შორის რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და საპენსიო სისტემის რეფორმა. ამასთან, მისი თქმით, საპენსიო სისტემაში თაობებს შორის სოლიდარობის პრინციპი უნდა შენარჩუნდეს.
რინერის საარჩევნო კამპანიის სლოგანია „საფრანგეთი, რომელიც ჩვენ გვინდა“ (La France qu'on veut). მან ასევე განაცხადა, რომ უკვე შემოიკრიბა მხარდამჭერთა ჯგუფი და კამპანიის ფარგლებში საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს.
საფრანგეთის კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა არჩეული თანამდებობის პირებისგან 500 მხარდაჭერის ხელმოწერა უნდა შეაგროვოს.