უკრაინის თავდაცვის ძალებმა 9 ნოემბრის ღამეს რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე მოროზოვის სახელობის ქარხანას დაარტყეს, რომელიც ბალისტიკური რაკეტებისთვის მყარ საწვავს აწარმოებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს. იუწყება უკრაინული მედია. უწყების ინფორმაციით, ქარხანაში ასევე იწარმოება ფეთქებადი ნივთიერებები
გენერალური შტაბის ცნობით, საწარმო სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, მოროზოვის სახელობის დასახლებაში მდებარეობს და რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ შემადგენლობაში შედის.
„9 ნოემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალები ამ საწარმოს საქმიანობაში ჩაერივნენ. ქვედანაყოფებმა ქარხანას დაარტყეს და ერთდროულად სამი საწარმოო საამქრო დააზიანეს. ზარალის მასშტაბი ზუსტდება“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე მოროზოვის სახელობის ქარხანაზე უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმის შესახებ ინფორმაცია Telegram-არხმა Exilenova+ -მაც გაავრცელა. არხმა ასევე გამოაქვეყნა თანამგზავრული ფოტო, რომელზეც საწარმოს მდებარეობაა მონიშნული.
მანამდე გამოცემა „ობორონკა“ წერდა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, მოროზოვის სახელობის ქარხანა ერთ-ერთია იმ საწარმოებს შორის, რომლებიც ბალისტიკური სარაკეტო კომპლექს „ისკანდერ-М“-ის ძრავებისთვის მყარ საწვავს აწარმოებენ. გამოცემის ცნობით, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საწარმო იმ კომპანიების ჩამონათვალში იყო, რომლებიც ამ რაკეტების კომპონენტებს აწარმოებდნენ და სანქციების კოალიციის ქვეყნების სანქციების ქვეშ არ იმყოფებოდნენ.