ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიებისთვის სააქციზო შეღავათები დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ, ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებლებს პირადად გააცნეს.
როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ განმარტა, იმ შემთხვევაში თუ საკონიაკე სპირტის მწარმოებლის მიერ, ამ სპირტის მიწოდება ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებზე მოხდება, რომელიც აქციზურ პროდუქციას აწარმოებს, საკონიაკე სპირტი აქციზის გადასახადით აღარ დაიბეგრება.
"დღევანდელი პრობლემა არის ის, რომ როდესაც კონიაკის მწარმოებელი ქარხანა ყიდულობს სპირტს ღვინის საწარმოდან, მას აქციზის გადასახადის გადახდა უწევს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. საუბარია ერთ ლიტრ სპირტზე 4,60 ლარის გადახდაზე და კომპანიას ამ მიმართულებით დამატებითი თანხების მოძიება უწევდა. შემდეგ კი მწარმოებელს ეს კონიაკი ექსპორტზე გაქონდა და ექსპორტისას ამ თანხას უკან იბრუნებდა. ახალი ცვლილებით კი, როდესაც ხდება სპირტის მიწოდება ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთან, ის თავისუფლდება აქციზის გადასახადისგან, რაც გამოიწვევს იმას, რომ კონიაკის მწარმოებელს აღარ მოუწევს დამატებითი თანხის მოძიება და გადახდა. ისინი თავისუფლად შეძლებენ გამოიყენონ ადგილობრივი წარმოების სპირტი და აღარ შემოიტანონ უცხოეთიდან, ამით კი კონკურენციას გავუწევთ იმპორტირებულ სპირტს. მეწარმეს რა თანხაც აქციზის გადასახდით უნდა გადაეხადა, ამიერიდან პირდაპირ საწარმოს გაფართოებაში ჩადებს და ექსპორტს კიდევ უფრო გაზრდის"- აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაზა გოროზიას განმარტებით კი, სააქციზო შეღავათების დაწესების შედეგად, ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები საქართველოში წარმოებული საკონიაკე სპირტის შეძენისას, საკონიაკე სპირტზე აქციზის გადასახადს (1 ლიტრზე 4,60 ლარი) აღარ გადაიხდიან. ეს კი მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივი საკონიაკე სპირტის მოხმარებას. ამ ცვლილების შედეგად, ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები წარმოებას გაზრდიან, აითვისებენ დამატებით საექსპორტო ბაზრებს და თამამად გაუწევენ კონკურენციას უცხოურ კომპანიებს. სააქციზო შეღავათების დაწესებით ადგილობრივი წარმოების საკონიაკე სპირტზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. ეს კი კომპლექსურად და პოზიტიურად იმოქედებს საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის განვითარებაზე.
"ეს არის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც სახელმწიფოს მიერ განხორციელდა. აქციზის გადასახადისგან განთავისუფლება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ კონიაკის მწარმოებლებს, არამედ ყველა იმ გლეხს ვინც ყურძენს აბარებდა. ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი ინვესტიციების შეტანა ამ სეგმენტში, რადგანაც თითოეულ მეღვინეს, იმ სპირტის რეალიზებით გაუჩნდება უფრო მეტი თანხა, რომელიც მას პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში ქონდა გაჩერებული. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომ რთველმა უფრო კარგად ჩაიაროს და მეტი რაოდენობის პროდუქცია შეეთავაზოს ბაზარს"- განაცხადა ზაზა გოროზიამ.
შემოსავლების სამსახურის უფროსი კი აქცენტს ამ სფეროში არსებულ "შავ ხვრელებზეც" აკეთებს. ებანოიძის განმარტებით, კონიაკის მწარმოებლები წარმოებისას ძირითადად იმპორტირებულ სპირტს იყენებდნენ, რადგანაც მათ იმპორტირებული სპირტის გადამუშავება უფრო იაფი უჯდებოდათ. ამიერიდან კი ქართული წარმოების სპირტის გადამუშავება გაუიაფდებათ.
"კომპანიებს აქციზის გადასახადის მიმართულებით ხარჯი საკმაოდ დიდი ქონდათ. მწარმოებელს საკონიაკე სპირტი მართლაც დიდი რაოდენობით სჭირდებათ და მეწარმეს თითოეულ ლიტრზე 4.60 ლარის გადახდა უწევდა. იმისათვის, რომ ამ გადასახადის გადახდისთვის მეწარმეს თავი აერიდებინა, მათ სპირტი საფრანგეთიდან შემოქონდათ, გადამუშავების რეჟიმში, აწარმოებდნენ სპირტს და შემდგომ გაჰქონდათ ექსპორტზე. გამოვიდა საბოლოდ ისე, რომ,ქართულ სპირტს კონკურენცია ფრანგულმა სპირტმა გაუწია, მაშინ როდესაც ხარისხით ქართული სპირტი ფრანგულ სპირტს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. ამ ცვლილების შემდეგ კი, მათ ფრანგული სპირტის შემოტანა აღარ მოუწევთ და ქართულ სპირტს გამოიყენებენ"- აღნიშნა ჯაბა ებანოიძემ.
აქციზის გადასახადისგან განთავისუფლებას ბიზნესი მიესალმება და მთავრობის მიერ გატარებულ ცვლილებას დროულს უწოდებს. ბიზნესი ამბობს, რომ კონიაკის წარმოებისას თანხის დაზოგვას მოახერხებენ და ამ ფულს საწარმოში ინვესტირებისკენ მიმართავენ.
"ეს ცვლილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანია "სარაჯიშვილისთვის", არამედ მთელი სფეროსთვის. ამ ცვლილების შედეგად მოხდება ახალი წარმოებების გაჩენა. ჩვენს შემთხვევაში კი ამ ცვლილებით წელიწადში 1-1,5 მლნ ლარი დაგვეზოგება, რასაც წარმოების გაფართოებისკენ მივმართავთ. ვფიქრობთ, რომ ცვლილება საკმაოდ დროული იყო"- აღნიშნა "სარაჯიშვილის" აღმასრულებელმა დირექტორმა ზურა ბუბუტეიშვილმა.