საქართველოში ნავთობპროდუქტების ღირებულება საკმაოდ მაღალია. ერთი და იმავე ოქტანობის ბენზინის ღირებულება საქართველოსა და სომხეთში საკმაოდ განსხვავებულია. როგორც ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი განმარტავს, ფასთა სხვაობას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს.
- ბოლო პერიოდში ხშირად ისმის კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის სომხეთში საწვავი იაფი, ვიდრე საქართველოში?
- 2012 წლის დასაწყისიდან სომხეთში ბენზინის ფასი უკვე ოთხჯერ გაიზარდა. ფასწარმოქმნის პროცესზე სხვადასხვა ფაქტორი ავლენს გავლენას. სომხეთში პროდუქცია რუსეთიდან, ირანიდან სერიოზული ფასდაკლებით შედის, საერთაშორისო ფასთან შედარებით. მნიშვნელოვანია ასევე ადმინისტრირების საკითხი. საქართველოში დღეისთვის ადგილობრივ ბაზარზე საერთოდ არ იყიდება აღურიცხავი კონტრაბანდული საწვავი. არ ხდება პროდუქციის ფალსიფიკაცია. საწვავის თითოეული რეალიზებული ლიტრი დეკლარირებულია და, შესაბამისად, ყველანაირი სახელმწიფო გადასახადი გადახდილია. სომხეთში კი სიტუაცია განსხვავებულია. თუნდაც მოვიყვანოთ novostink.ru-ზე გამოქვეყნებული სტატია, სადაც საუბარია, რომ სომხეთში უხარისხო ბენზინი იყიდება, ავტოგასამართ სადგურებზე ხდება ბენზინის განზავება ირანიდან შემოტანილი გაურკვეველი წარმოშობის სითხით. სტატიაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ სომხეთში საწვავის ფასი საქართველოსთან შედარებით იაფია. თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ საქართველოში რეალიზებული საწვავის ხარისხი გაცილებით უკეთესია. აქვე შედარებისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ საწვავის იმპორტის სტატისტიკა. 2011 წელს სომხეთში იმპორტირებულ იქნა 358 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი, მაშინ, როცა საქართველოში იმპორტმა შეადგინა 780 ათასი ტონა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში სომხეთში გასულ წელს შევიდა 100 მლნ ლარამდე, ხოლო საქართველოში - 450 მლნ ლარამდე. ამ სტატისტიკური მონაცემებზე დასკვნების გაკეთებას არ ვაპირებთ და ეს თქვენი მკითხველისთვის მიგვინდია.
- არის თუ არა ფასთა შორის სხვაობა დაკავშირებული ავტოგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურასთან ან საგადასახადო კანონმდებლობასთან?
- რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ავტოგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი. დღეისათვის საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურა და მასთან არსებული სერვისი, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთ ევროპულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით სომხურ ავტოგასამართ სადგურებზე. უნდა გამოიყოს საგადასახადო კანონმდებლობის საკითხიც. სომხეთში მნიშვნელოვნად ნაკლებია საწვავის იმპორტზე გადასახადი საქართველოსთან შედარებით, განსაკუთრებით კი დიზელის საწვავზე. თუ ყველა ამ კომპონენტს გავითვალისწინებთ, მივალთ დასკვნამდე, რომ საქართველოში არსებული ფასი საერთაშორისო ფასის ტენდენციების, პროდუქციის ხარისხის, მომსახურეობის სერვისისა და სხვა კომპონენტების გათვალისწინებით, სამართლიანია.
- თუ შეიძლება შევეხოთ ასევე აზერბაიჯანულ ბაზარს...
- აზერბაიჯანში 93 ოქტანობის ბენზინი ღირს 0.55 გეპიკი ანუ 1.15 ლარი/ლიტრაზე; აზერბაიჯანული პრემიუმის ტიპის ბენზინი - 0.60 გეპიკი ანუ 1.30 ლარი/ლიტრაზე; სუპერი - 1.5 მანათი ანუ 3.15 ლარი/ლიტრაზე; დიზელი - 0.45 გეპიკი ანუ 1 ლარი/ლიტრაზე. მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანში იქაური წარმოშობის საწვავი მეტისმეტად იაფია, შემდეგია: აზერბაიჯანი გახლავთ ნავთობმომპოვებელი ქვეყანა და, შესაბამისად, საწვავი სახელმწიფოს მხრიდან დოტაციურია და გაცილებით იაფად მიეწოდება ადგილობრივ მოსახლეობას, იმპორტიორ ქვეყნებთან შედარებით. რაც შეეხება სუპერის ტიპის ბენზინის სიძვირეს, ეს განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული პროდუქტი აზერბაიჯანში არ იწარმოება და მისი იმპორტი ხდება ევროპული ქვეყნებიდან. აზერბაიჯანი საქართველოში, ევროპაში და თურქეთში პროდუქტს ყიდის საერთაშორისო ფასის "Platts"-ის მიხედვით და ეს მრავალი წლის განმავლობაში ასე ხდება.