ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც “ქართული ოცნების” ქაღალდები, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გაერთიანებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„უკვე, ასე თუ ისე, ისახება გეგმები, რისი გაკეთებაც გვინდა. გვინდა, შედგეს აუცილებლად ნამდვილი არჩევნები და არა ის ცრუ არჩევნები, რომლებიც ტარდებოდა აქამდე. ჩვენ გვაქვს ბევრი ვარიანტი, რომ ჩვენ თვითონ ჩავატაროთ ეს არჩევნები. არ შეიძლება ასე გაგრძელება, ჩვენს თანამებრძოლებს უკვე ნელ-ნელა ციხეც ემუქრებათ, რადგან ცრუ კომისიაა, ცრუ დადგენილებას იღებს და ცრუ მოსამართლეებმა უნდა ჩასვან ციხეში. ამის დაშვება არ შეიძლება. ამიტომ ჩვენ ვქმნით ერთ დიდ ალტერნატივას, რასაც ჰქვია საქართველოს ხალხი საქართველოს დღევანდელი ე.წ. პარლამენტის წინააღმდეგ. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს, ე.წ. პარლამენტი თუ საქართველოს ხალხი.
მიდის მსჯელობაც, როგორ უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ასეთი დევიზი იქნება, რომ არ ჩაგატარებინებთ ცრუ არჩევნებს. ჩვენ ვართ ხალხი, ჩვენია ეს ქვეყანა და ჩვენ უნდა ჩავატაროთ ყველაფერი, რაც ამ ქვეყანას დადებითად სჭირდება. სამართლებრივად ძალიან კარგად წარმომიდგენია. ჩვენ გვყავს ნამდვილად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახით. ჩვენ გვყავს ის მთავრობა, ჯერ კიდევ უზენაესი საბჭო, რომელიც არავის არ გაუუქმებია. ეს არის ზვიად გამსახურდიას მთავრობა, რომელმაც მოიყარა თავი და ისიც გვერდით გვიდგას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, არავინ არ ჰყავს, თვითონ დაინიშნა თავისი თავი.
შეიძლება, ვინმეს გაეცინოს, რომ ტელეფონებით, თუმცა ესტონეთში უკვე ამის კარგი პრაქტიკაა და ჩვენ გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც ჟონავს „ქართული ოცნების“ ქაღალდი და ტელეფონებით ვაპირებთ ამის გაკეთებას. გვაქვს ვარაუდი, რომ არჩევნები ამ სექტემბერში ჩატარდება. რუსთაველის გამზირის ხალხიც არის აქ და ჩვენ აქედან გავდივართ. ისინი მზად არიან, რომ გავიდეთ რეგიონებში და ყველა მოვიყვანოთ ამ აზრებთან ახლოს.
„გახარიები“ არ იყვნენ დღეს, მაგრამ გახარიასთან მე მქონდა პირადი შეხვედრა და ბატონმა გიორგიმ ბრძანა, რომ თქვენ თუ ჩაატარებთ ამ არჩევნებს, აუცილებლად თქვენთან ერთად მივიღებ მონაწილეობასო. ჩვენ აქ მესამედ შევიკრიბეთ. სალომე ზურაბიშვილი ამის წინააღმდეგ რატომ უნდა წავიდეს? მასაც უნდა, საქართველოში იყოს სამართალი. ჩვენ თვითონ ჩავატაროთ ის, რასაც ვენდობი და ამ არჩევნებში თუ „ოცნება“ გაიმარჯვებს, კაი, ბატონო. მაშინ ჩვენ შევალთ პარლამენტში კი არა, ყველაფერს ვიზამთ, მაგრამ ეჭვი ძალიან მეპარება“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
ფოტო: რადიო თავისუფლება