უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სამარის ოლქში ნავთობის სატუმბ სადგურ „სამარასა“ და ლიპეცკის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ „ლიპეცკ-2“-ს დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გენერალური შტაბის ცნობით, სამარის ოლქში, დასახლება პროსვეტთან ახლოს მდებარე ხაზობრივ საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურ „სამარას“ ტერიტორიაზე დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ნავთობის რამდენიმე რეზერვუარს გაუჩნდა.
უწყების განმარტებით, სადგურს მაგისტრალური ნავთობსადენებით ნავთობი რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის თათრეთიდან და დასავლეთ ციმბირიდან მიეწოდება. ობიექტზე სხვადასხვა საბადოდან მიღებულ ნავთობს ერთმანეთში ურევენ, რის შედეგადაც საექსპორტო მარკის - Urals-ის ნავთობს იღებენ.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, Urals რუსეთის ნავთობის ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს და მის წილზე რუსული ნავთობის ექსპორტის დაახლოებით ნახევარი მოდის.
უკრაინის სამხედრო უწყებამ ასევე დაადასტურა ლიპეცკის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ „ლიპეცკ-2“-ზე განხორციელებული დარტყმის შედეგები.
გენერალური შტაბის ცნობით, აეროდრომის ტერიტორიაზე დაზიანდა სპეციალური ტექნიკის შესანახი ანგარი, რომელიც თვითმფრინავების მომსახურებისთვის გამოიყენება, საავიაციო საწვავის რეზერვუარი და აეროდრომის ცენტრალური სამეთაურო-სადისპეტჩერო პუნქტი.
დარტყმების შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბი და სამხედრო ობიექტებზე ოპერაციის შედეგები ზუსტდება.