უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლისთვის ემზადებიან. მისი თქმით, გაცვლის ფარგლებში თითოეული მხრიდან 1 000-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლება იგეგმება.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ტყვეთა გაცვლა მართლაც მასშტაბური იქნება. ძალიან სერიოზულად ვეკიდებით იმ ფორმულირებას, რომელსაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები იყენებენ - ეს უნდა იყოს ამ ომის ისტორიაში ყველაზე დიდი გაცვლა. თითოეული მხრიდან 1 000-ზე მეტი ადამიანი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, გაცვლის მოსამზადებელ პროცესში უკრაინის შესაბამისი უწყებები, სპეცსამსახურები, დაზვერვა და ტყვეთა მოპყრობის საკითხებში საკოორდინაციო შტაბი მონაწილეობენ. პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს პერიოდში მოსამზადებელი სამუშაოების დეტალებზე ანგარიშს ელოდება.
მანამდე, 12 ნოემბერს, ზელენსკი დუბლინში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკელმა წარმომადგენლებმა მას ტყვეთა გაცვლის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და დაადასტურეს, რომ ეს ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაცვლა უნდა იყოს.
თავის მხრივ, ჯარედ კუშნერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ აშშ მუშაობს ტყვეთა გაცვლაზე, რომლის შედეგადაც შესაძლოა ათასობით ადამიანი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა.