აშშ-ში ავიარეისები დროებით შეჩერებული იყო. ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) ქვეყნის მასშტაბით აეროპორტებიდან თვითმფრინავების გაფრენაზე დაწესებული შეზღუდვა რამდენიმე საათის შემდეგ გააუქმა.
მედიის ცნობით, ავიარეისების შეჩერების გადაწყვეტილება 13 ნოემბერს მიიღეს. თავდაპირველად FAA-მ მიზეზად „განსაკუთრებული გარემოებები და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა“ დაასახელა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ შეფერხება საჰაერო მოძრაობის კონტროლის რეგიონულ ცენტრებში კავშირგაბმულობის პრობლემამ გამოიწვია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრებს შეეხო. ეს ცენტრები ქვეყნის მასშტაბით ფრენებს მართავენ.
შიდა რეისების გაფრენა ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო შეზღუდული. უკვე ჰაერში მყოფ თვითმფრინავებს კი დანიშნულების ადგილამდე ფრენის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდათ. საერთაშორისო რეისები ინდივიდუალურად განიხილებოდა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა მარკვეინ მალინმა განაცხადა, რომ მომხდარი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა და, წინასწარი შეფასებით, კიბერშეტევასთან დაკავშირებული არ ყოფილა. მისი თქმით, მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია.
ავიარეისების შეჩერებამ ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. CNN-ის ინფორმაციით, გაუქმდა თითქმის 5 000 რეისი, ხოლო დაახლოებით 1.5 მილიონი მგზავრი შეფერხების შედეგად დაზარალდა.
მიუხედავად იმისა, რომ FAA-მ ფრენების განახლების ნებართვა გასცა, ავიაკომპანიები მგზავრებს აფრთხილებდნენ, რომ დაგვიანებები და გაუქმებები შესაძლოა მომდევნო დღესაც გაგრძელებულიყო.
აშშ-ში ქვეყნის მასშტაბით ავიარეისების მსგავსი შეჩერება ბოლოს 2023 წლის იანვარში მოხდა, როდესაც საავიაციო სისტემაში ტექნიკური ხარვეზის გამო შიდა რეისების გაფრენა დროებით შეიზღუდა.