აშშ-ში, ნიუ ორლეანის პორტში, მდინარე მისისიპიზე ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა. შეჯახების შედეგად საკრუიზო გემი გვერდზე გადაბრუნდა და ნაწილობრივ ჩაიძირა. შემთხვევის დროს მის ბორტზე დაახლოებით 130 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.
ტანკერი Atlantic Asphalt მდინარეზე გაჩერებულ კომპანია American Cruise Lines-ის კუთვნილ გემს, American Heritage-ს შეეჯახა.
შეჯახების შემდეგ საკრუიზო გემმა გადახრა დაიწყო, შემდეგ კი გვერდზე გადაბრუნდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი წყალში აღმოჩნდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია დაიწყო, რომელშიც სანაპირო დაცვა, პოლიცია, მეხანძრეები და სხვა გემების ეკიპაჟები მონაწილეობდნენ.
ნიუ ორლეანის მერის, ჰელენა მორენოს განცხადებით, გემზე მყოფი ყველა ადამიანი იპოვეს და არავინ დაკარგულა. შემთხვევის შედეგად 32 მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან არც ერთის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.
აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, შეჯახების მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის. უწყების წარმომადგენლის, კაპიტან მელანი ბერნემის განცხადებით, წინასწარი ვარაუდით, ტანკერს შესაძლოა მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა.
ინციდენტის შემდეგ სანაპირო დაცვამ მდინარის მონაკვეთზე გემების მოძრაობა დროებით აკრძალა. გამოძიებაში ასევე ჩაერთო ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო.